საინფორმაციო პორტალმა „ვკლადერმა“ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, სადაც იუწყება რომ თაღლითებმა 2 ყალბი ვიდეო გაავრცელეს. ისინი მომხმარებლებს დიდ ფინანსურ მოგებას ჰპირდებოდნენ. მომხმარებელთა ინტერესის გასაზრდელად, ვიდეოში Flocktory-ისა და Dbrain-ის დამფუძნებლის, დიმიტრი მაცკევიჩის სახე უნებართვოდ გამოიყენეს. ის მოთამაშეებს ინვესტიციების მასტერკლასებზე 360%-იანი წლიური მოგების დაპირებით იწვევდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, კომენტარს მაცკევიჩიც აკეთებს. მისი განცხადებით ეს კარგად დადგმული შოუა და ერთ-ერთი პირველი მაგალითია ხელოვნური ინტელექტის ამ მასშტაბით გამოყენების. მისივე აზრით, მსგავსი პრეცედენტები კვლავ გაიზრდება.
როგორ მზადდება ყალბი ვიდეო?
არსებობს ღია და უფასო ნეიროქსელის პროგრამები, Deepfake-ის ტექნოლოგიით, რომელთა საშუალებითაც შეგიძლიათ, შეცვალოთ სახეები და შექმნათ ვიდეოები „მთავარ როლში“ სასურველი პიროვნებების მონაწილეობით. ღია წყაროების ყველაზე პოპულარული ბიბლიოთეკებია Faceswap-ი და DeepFaceLab-ია.
DeepFaceLab-ი საშუალებას იძლევა ვიდეოში შეიცვალოს ადამიანის სახე, თავის ფორმა, ასაკი, ტუჩების მოძრაობა. ამისთვის კი მხოლოდ კომპიუტერი, მძლავრი ვიდეო დაფა და მეხსიერების ბარათია საჭირო.
ვიდეოს დამუშავების პროცესი:
ვიდეო ნაწევრდება კადრებად, გამოსახულებების ფოტოებამდე დაყავანამდე. მათი ხარისხი და რაოდენობა დამოკიდებულია წყაროზე: რაც უფრო გრძელია ვიდეო და მაღალია გარჩევადობა, „გადაღებული“ სახის სურათები უკეთესი ხარისხის იქნება. ბუნდოვანი სურათები კი იშლება. დანარჩენი ფოტოებით „ნიღბები“ იქმნება.
ნეიროქსელის მოდელი მუშავდება ისე, რომ შესაძლებელი გახდეს სახის, თავის ფორმის შეცვლა, ფონის მოცილება, სახის სპეციფიკური ნიშნების შენარჩუნება. ამისათვის, DeepFaceLab-ს რამდენიმე პარამეტრი აქვს, რომელიც ვიდეოს მაქსიმალური სიზუსტისთვის, ხელით გასწორებას მოითხოვს.
ნეიროქსელის ეს მოდელი „შექმნილი“ სახის ორიგინალ ვიდეოკადრებთან შერწყმისთვის გამოიყენება. რაც უფრო დიდხანს და ინტენსიურად მუშავდება ნეიროქსელი, მით „უკეთესი“ იქნება შედეგი და რეალურისგან რთულად გასარჩევი გახდება .
მიუხედავად იმისა, რომ Deepfake-ზე მუშაობას რამდენიმე ათეული საათი სჭირდება, ეს საქმე სპეციფიკურ უნარებს არ მოითხოვს.
შესაძლებელია თუ არა რაიმეს გაკეთება, თუ თაღლითებმა სახე არალეგალურად გამოიყენეს?
იურიდიულად, ყალბი ვიდეოს შემქმნელი არც ერთ კანონს არ არღვევს. გამომდინარე იქედან, რომ ეს თაღლითობის ინოვაციური მიმართულებაა, ჯერ კიდევ „ნაცრისფერ ზონაშია“. საქართველოში არ არსებობს კანონი, რომელიც Deepfake-ს არეგულირებს.
2020 წელს, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, ონლაინპლატფორმებმა წესები განაახლეს: აკრძალეს ყალბი ვიდეოების გამოყენება და გამოქვეყნება. აგრეთვე, დაიწყეს ალგორითმების შემუშავება, შესაბამისი პროდუქტის გამოსავლენად.
Deepfake-ის გამო ნებისმიერ სივრცეში ვერ იჩივლებ. ამასთან დაკავშირებით, ონლაინ პლატფორმებს საკუთარი რეგულაციები აქვთ:
Facebook-ის განცხადებით, კომპანია, გარკვეული ტიპის კონტენტის წინააღმდეგ თავად იბრძოლებს, მათ შორისაა ყალბი ვიდეო. ამის გათვალისწინებით, ფეისბუქზე მსგავსი ვიდეოების შესახებ ღიად ვერ იჩივლებთ, მაგრამ შეგიძლიათ განაცხადოთ „თაღლითობის“ ან აუდიტორიის „შეცდომაში შეყვანის“ შესახებ.
Instagram-ს არ აქვს წესები, რომლითაც Deepfake-ის შინაარსის მოდერაცია და წაშლა ხდება.
Twitter-ზე მომხმარებელს Deepfake-ით შექმნილი ტვიტის წაშლის მოთხოვნით განცხადების გაკეთება არ შეუძლია, თუმცა ამ სოციალურმა ქსელმა, Deepfake ვიდეოებით და სხვა საშუალებებით მანიპულაცია ოფიციალურად აკრძალა. კომპანია გვპირდება, რომ ასეთ კონტენტს შესაბამისი გაფრთხილება ექნება დართული.
YouTube-ს ამ მიმართულებით, მსუბუქი წესები აქვს. კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების მხედვით, არჩევნებთან დაკავშირებულ ყალბ ვიდეოები წაიშლება, თუმცა სხვა კატეგორიაზე ამ ტიპის ვიდეოების გამოქვეყნება/გავრცელება ნებადართულია.
მაგალითად, 2020 წლის აპრილში იუთუბზე გავრცელდა ყალბი ვიდეო რეპერ Jay-Z-ის ხმის გამოყენებით. მიუხედავად რეპერის ჩივილისა, სერვისმა ვიდეო არ წაშალა. YouTube-მა ეს ახსნა იმით, რომ „წაშლის მოთხოვნის შესახებ გაკეთებული განცხადება არასრულყოფილი იყო“.
Google-ს აქვს სპეციალური ფორმა, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ წაშალოთ „უნებართვოდ დამონტაჟებული პორნოგრაფია“. ამასთან, კომპანია 2019 წლიდან ავითარებს Deepfake-ის ამოცნობის ინსტრუმენტებს.
Microsoft-ი Deepfake-ის ამოცნობის ტექნოლოგიებს ფლობს. ხოლო, Adobe გვთავაზობს შეინახოს ვიდეოს შექმნისა და ცვლილების სრული ისტორია, რათა ყველამ გაიგოს, ვინ და როგორ შეცვალა იგი.