დღეს ქართულ ინტერნეტსივრცეში ბევრი ონლაინ მაღაზიაა, თუმცა მათ შორის შემდგარ კომპანიად ცოტა ჩამოყალიბდა. რაშია მათი საიდუმლო? ბიზნესში წარმატების უნივერსალური ფორმულა არ არსებობს, თუმცა სწორად დაგეგმილი სტრატეგია შედეგის განმსაზღვრელია. თუ ბიზნესის დაწყება გინდა, მაგრამ გამოცდილება არ გაქვს და დაბრკოლებებსაც ხედავ, შესაძლოა ეს ბლოგი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმაროს. აქ მოგიყვები რისკებზე და დაგისახელებ 4 ნაბიჯს, რომლითაც ონლაინ მაღაზიის შექმნის გზას გაჩვენებ:
ნაბიჯი 1: იპოვე ნიშა
რას ყიდი, რითი იქნება გამორჩეული შენი კომპანია და შენი პროდუქტი, ვინაა მომხმარებელი - ესაა პირველი, რაზეც უნდა დაფიქრდე.
ამის შემდეგ, შეძლებ დაახლოებით, განსაზღვრო, რა ძალისხმევის ჩადება მოგიწევს საქმეში და რა მოგებას უნდა ელოდო.
ამიტომ მნიშვნელოვანია, სტრატეგიული ნიშის პოვნას გარკვეული დრო დაუთმო.
ნიშა შეგვიძლია, კატეგორიებად დავყოთ: ფასი, აუდიტორია, ბაზრის შესაძლებლობა.
დავიწყოთ ფასით:
თუ დაბალფასიან ნივთებს ყიდი, სავარაუდოდ, უფრო მეტი ადამიანი შეიძენს, მაგრამ შეკვეთის საშუალო ღირებულებაც მცირე იქნება.
თუ უფრო ძვირადღირებულ ნივთებზე იმუშავებ, სავარაუდოდ ნაკლები ადამიანი იყიდის, მაგრამ შეკვეთის საშუალო ღირებულება მეტი იქნება.
ბალანსის დაცვის წესი არ არსებობს. უბრალოდ, შეგიძლია, ფასდაკლებით დაასაჩუქრო, ის ვინც, პროდუქციაში პირობითად, 100 ლარზე მეტს გადაიხდის (დამოკიდებულია პროდუქტზე).
ამ საფუძველს კი შემდეგი მონაცემები გვაძლევს:
საწარმოო, მარკეტინგული თუ სხვა ტიპის ხარჯების აღრიცხვის შემდეგ, ონლაინ მაღაზიების მფლობელთა უმეტესობას 20-30%-იანი მოგება რჩება.
ვთქვათ, ყველა გაყიდული პროდუქტიდან 20%-ს იღებ. ეს კი ნიშნავს იმას, რომ 20-ლარიანი ნივთის გაყიდვით, მხოლოდ 4 ლარს გამოიმუშავებ. თუ 100-ლარიან ნივთს ყიდი, 20 ლარი გრჩება.
გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ინტერესი შენი პროდუქციის მიმართ, შენი კომპანიის პოპულარობა და ერთგულება მის მიმართ.
ნაბიჯი 2: არჩევანი ყიდვა-გაყიდვასა და საკუთარი პროდუქტის წარმოებას შორის
საზღვარგარეთიდან პროდუქტის გამოწერა და აქ გაყიდვა ბოლო დროს პოპულარული გახდა.
ამ ტიპის ბიზნესის დადებითი მხარეები:
არ გჭირდება ინვენტარი;
არ გაქვს საწყობის ხარჯები;
პროდუქტის შესაძენად არ გჭირდება კაპიტალი;
პროდუქციის მრავალფეროვნებაში შეზღუდული არ ხარ.
უარყოფითი მხარეები:
პროდუქტის ხარისხზე კონტროლი არ გაქვთ;
პრობლემურია პროდუქტის დაბრუნება.
დაზიანებული პროდუქტის ჩამოსვლის შემთხვევაში, 2 არჩევანი გაქვს:
მაღაზიის პოლიტიკაში თავიდანვე აღნიშნე, რომ პასუხისმგებელი არ ხართ პროდუქტის ვარგისიანობაზე და თუ პროდუქტი დაზიანებულია, თანხას უკან არ დააბრუნებთ.
პოლიტიკაში გაწერე, რომ დაზიანებული პროდუქტის ღირებულებას თავად აანაზღაურებთ.
გაითვალისწინე - ახალი ბრენდი ხართ და ხალხის ნდობის მოპოვება შენი უპირველესი ამოცანაა, თუმცა ამ ტიპის ბიზნესის უარყოფით მხარედ შესაძლოა, ბრენდად ჩამოყალიბების შესაძლებლობის არარსებობა იქცეს. ამის გამოსწორებაც შეგიძლია, თუ მწარმოებელს შეუთანხმდები, რომ შენთვის გამოსაგზავნ პროდუქციას სარეკლამო ელემენტები და მათი კომპანიის აღმნიშვნელი ნიშნები არ დაურთოს. შენ კი უკვე ადგილზე მიღებულ პროდუქციას სურვილისამებრ გააფორმებ. მეორე მხრივ, თუ შენი მიზანი, უბრალოდ ფულის შოვნაა, მსგავს რაღაცებზე დროის დახარჯვაც არ მოგიწევს.
და რა ხდება მაშინ, როცა პროდუქციის შექმნას თავად იწყებ?
დავიწყოთ, დამატებითი ხარჯებით:
ლოგიკურია, წარმოება უფრო რთულია, ვიდრე უბრალოდ ყიდვა/გაყიდვა, თუმცა სარგებელიც დიდია:
ნდობა
მომხმარებელმა იცის, რომ სხვაზე დამოკიდებული არ ხარ და პროდუქციის ხარისხიც შენს განკარგულებაშია.
მეტი მოგება
მართალია, ამ ტიპის ბიზნესში, საწყის ეტაპზე მეტი კაპიტალის ჩადება მოგიწევს, მაგრამ საბოლოოდ, მეტს გამოიმუშავებ.
ბრენდის შექმნა
დაბოლოს, არანაკლებ მნიშვნელოვანი პუნქტია ბრენდის შექმნა, რაც მეტი ლოიალური მომხმარებლის გაჩენასა და ავტორიტეტის შექმნას ნიშნავს. გასაოცარი ბრენდინგი და შეფუთვა მომხმარებლებს შენი პროდუქტის სოციალურ ქსელებში გაზიარებისკენ უბიძგებს, რაც შენი რეკლამაა. შეგიძლია, მათ კომპანიის ფეიჯის მონიშვნაც სთხოვო.
ნაბიჯი 3: შეარჩიე ბიზნესისა და დომენის სახელი
სწორად შერჩეული სახელი, ბიზნესის წარმატების საწინდარია. ამისთვის საკუთარ თავს გარკვეული ვადა მიეცი.
✅ აარჩიე სახელი, რომლის წარმოთქმაც მარტივია;
✅ აარჩიე სახელი, რომელსაც პოზიტიური შინაარსი აქვს;
✅ გადაამოწმე შესაბამისი დომენი, სასურველია იყოს .ge თუ ქართულ აუდიტორიაზეა გათვლილი;
✅ იყავი, რაც შეიძლება, ორიგინალური;
✅ ბიზნესის სახელი მაქსიმუმ, 3 სიტყვისგან შეიძლება შედგებოდეს. უფრო დასამახსოვრებელი იქნება, თუ 1-სიტყვიან სახელს დაარქმევ.
❌ ნუ აირჩევ ძალიან გრძელი სახელს;
❌ ნუ აირჩევ სახელს, რომელიც სიტყვებისა და ციფრების კომბინაციაა;
❌ ნუ აირჩევ სახელს, რომელიც კონკრეტულ პროდუქტს ან პროდუქტის ხაზს ეხება.
ნაბიჯი 4: შექმენი ვებსაიტი და დაგეგმე მარკეტინგული სტრატეგია
როდესაც საქმე ელექტრონული კომერციის მაღაზიის შექმნას ეხება, ვებსაიტის 24/7-ზე გამართულად მუშაობა ბიზნესის წარმატებაში გადამწყვეტია. საიტი მომხმარებელზე მორგებული, მარტივი, ვიზუალურად დახვეწილი უნდა იყოს. ამასთან, მომხმარებელს პროდუქტის ვებგვერდიდან შეძენა უნდა შეეძლოს.
აუცილებელია სოციალურ ქსელებშიც თავიდანვე გამოჩნდე. ამისთვის ფეისბუქ ფეიჯის შექმნა საკმარისი არაა. უნდა გქონდეს წინასწარ დაგეგმილი სტრატეგია - როგორ ესაუბრები შენს მომხმარებელს? რას ეუბნები, ისეთს, რომ უამრავი კომპანიიდან შენ გამოგარჩიოს? რას სთავაზობს განსაკუთრებულს (ან განსაკუთრებულად)? ამისთვის მარკეტინგული სტრატეგიის გაწერა დაგჭირდებათ.
და აი, ყველა ინფორმაცია გაქვს იმისთვის, რომ საკუთარი ონლაინ მაღაზია გახსნა. მე კი, ბოლო რჩევასაც მოგცემ:
ნუ დაელოდები „სრულყოფილ“ მომენტს. უბრალოდ, გადადგი ნაბიჯი, დაიწყე ონლაინ ბიზნესი დღეს! როგორც ჯორჯ პატტონმა თქვა, ძალდატანებით შესრულებული კარგი გეგმა უკეთესად მუშაობს, ვიდრე მომავალ კვირას შესრულებული სრულყოფილი გეგმა.
ასე, რომ დროა სახელზე ფიქრი დაიწყო. ჩვენ კი მეოთხე ნაბიჯის გადადგმაში - ვებგვერდის შექმნაში, მის ტექნიკურად გამართვასა და მარკეტინგული სტრატეგიის შექმნაში დაგეხმარებით., მოგვწერე აქ.